14-15 დეკემბერს, თბილისში, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE), მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში (WBCG) თანამშრომლობით უმასპინძლებს საერთაშორისო ქალთა რეგიონულ ღონისძიებას „ქალების ერთობა ეკონომიკური გაძლიერებისთვის – ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიება საქართველოში“. ღონისძიება მოიცავს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ქალთა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის ლიდერების დაკავშირებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქალთა ბიზნეს ასოციაციებსა და სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობას, რეგიონული გენდერული ანალიზის შედეგების განხილვა კი უზრუნველყოფს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ისაუბრებენ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქალები აწყდებიან ეკონომიკური განვითარების პროცესში. გენდერული ანალიზი მომზადებულია კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია CIVITTA – თან თანამშრომლობით და იკვლევს 16 ქვეყნის გამოცდილებას ქალთა ეკონომიკური ბარიერებისა და მათი დაძლევის მიმართულებებს.
1,5 დღიანი ღონისძიება, რომელიც საქართველოში გაიმართება გააერთიანებს 15-ზე მეტ ქალთა ბიზნეს ასოციაციას და სავაჭრო პალატას 15-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობენ CIPE-ის პროექტში „WE-Champs: სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება რეგიონალური ქალთა სავაჭრო პალატებისა და ბიზნეს ასოციაციების ქსელის ფარგლებში“. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ქალთა გლობალურ საკითხთა ოფისის (S/GWI) მხარდაჭერით, პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებას ქალთა სავაჭრო პალატებისა და ბიზნეს ასოციაციების მხარდაჭერით, გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტების ხელშეწყობით და ემსახურება ქალების საჭიროებებს სხვადასხვა მიმართულებით.